ევროსაბჭოს კომიტეტის რეკომენდაციაა, საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიამ კვლავ შეაფასოს

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციაა, საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიამ კვლავ შეაფასოს. როგორც ირკვევა, ევროსაბჭოს სურვილია ქართულმა ოცნებამ არ იჩქაროს საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა და მოითმინოს მინიმუმ იმ დრომდე, ვიდრე ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელახლა მოისმენს ვენეციის კომისიის შეფასებას.
ამის განხილვა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გუშინ, 6 მარტს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის სხდომა LIVE სტრიმით არ გადაიცემოდა, ქართული ოცნების დეპუტატმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ დაადასტურა, რომ მონიტორებმა ეს საკითხი დააყენეს.
გივი მიქანაძე მონიტორების მიერ ამ საკითხის სხდომაზე დაყენებას “ჩვეულებრივ პროცედურას უწოდებს” და ამბობს, რომ “ეს არის მათი და არა ოცნების გადაწყვეტილება”. ის ამბობს, ვენეციის კომისიას ოცნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე კანონს ხელმეორედ აღარ გაუგზავნის და აღნიშნავს, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს “აუცილებლად დაძლევენ”.