„ცეში“ წარმოების ზრდას და ღვინის მაღაზიებში შესვლას გეგმავს

„ცეში“ ძველ კოლხურ მითოლოგიაში სინათლის ღმერთია. სწორედ ეს სახელი უწოდა ქეთევან ქველაძემ ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებულ დეკორატიული სანთლების ბრენდს ერთი წლის წინ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ცეშის“ სანთლების მწარმოებელი ამბობს, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა დღესასწაულების პერიოდში, თემატურ სანთლებზეა, აქვთ ასევე თიხაში ინტეგრირებული ქვევრისა და ბროწეულის სანთლები, რომელთა ფასები 8-დან 50 ლარამდეა.
„გვინდოდა რამე ორიგინალური მოგვეფიქრებინა და სახელწოდება – „ცეში“ კოლხური ფოლკლორიდან ავიღეთ. ის სინათლის ღმერთს ნიშნავს. ეს საოჯახო ბიზნესი მე და ჩემმა სამმა ქალიშვილმა 1 წლის წინ წამოვიწყეთ. თემატურად ვამზადებთ – საახალწლო, დედის დღესთან დაკავშირებულ, სააღდგომო სანთლებს და დღესასწაულების პერიოდში შედარებით მეტია ხოლმე ინტერესი, შეკვეთები და გაყიდვებიც იზრდება,“ – ამბობს ქეთევან ქველაძე.
„ცეშის“ სანთლების მწარმოებელი გვიყვება, რომ თავად იყო გატაცებული თიხაზე მუშაობით და ახლა ცვილისა და თიხის ინტეგრირება გადაწყვიტა და მომხმარებელს ასე თიხაში ინტეგრირებული ქვევრები და ბროწეულები შესთავაზა, რომელთა ფასი 20 და 25 ლარია.
„მომხმარებლის ინტერესს იწვევს ტრადიციული ქვევრის ფორმის და ბროწეულის ფორმის სანთლები, სადაც ცვილი და თიხაა ინტეგრირებული. მე თვითონ ძალიან გატაცებული ვიყავი და თიხაზე ვმუშაობდი. ჩემი ხელით მაქვს დამზადებული ეს ნახევარ ქვევრები და ბროწეულები,“ – ამბობს ქეთევან ქველაძე.
„ცეშის“ სანთლების ფასები 8-10 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირი აბაზანების სერიაა, ასევე – კაქტუსის ნაკრები ხუფით. ნედლეულს რაც შეეხება, სელის ცვილს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ. ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული სურნელოვანი სანთლების წარმოება თბილისში ხდება, ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით და ძველ თბილისში, სიონის ქუჩაზე, „ნინო მერისის“ ღვინის მაღაზიაში იყიდება. თუმცა, სამომავლოდ სურთ, რომ წარმოება გაზარდონ და თვითონ შემოიტანონ ნედლეული. რაც შეეხება სხვა გეგმებს, პირველ რიგში, სურთ, რომ ქუჩის ბაზრობებზე, ღვინისა და სხვა სუვენირების მაღაზიებშიც გამოჩნდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ