მოლდოვის დაზვერვა: კრემლი არჩევნებში ჩარევას და ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს გეგმავს

მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) ხელმძღვანელი ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს. ალექსანდრუ მუსტეატას განცხადებით, მოსკოვი არჩევნების წინ, ახალი ქმედებებით მოლდოვის დესტაბილიზაციას გეგმავს. მისი თქმით, მოლდოვის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის გადამწყვეტ რეფერენდუმში ჩარევას აპირებს.
5 მარტს კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, მუსტეატამ განაცხადა, რომ დაზვერვა ფლობს “გარკვეულ მონაცემებს” მიმდინარე და მომდევნო წელს დაგეგმილი ქმედებების შესახებ. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებების საშუალებით, კრემლი შეეცდება ძირი გამოუთხაროს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და კიშინიოვი რუსეთის გავლენის სფეროში დააბრუნოს.
მოლდოვის დაზვერვის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვი აპირებს მხარი დაუჭიროს პრორუს პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთის დაზვერვასთან, დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან, თუ კრემლის ლიდერებთან.
მოლდოვაში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ექნება ჯგუფს, რომელსაც ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს, თქვა მუსტეატამ. შორი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ, მისივე სახელის პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს.
შორს გასულ წელს მოლდოვის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, მოლდოვის ბანკებიდან მილიარდი დოლარის გაუჩინარების საქმეზე. შორის პარტია ქვეყანაში აკრძალულია, თავად კი ისრაელს აფარებს თავს.

ილან შორს და მის პარტიას სანქციები აქვს დაწესებული ევროკავშირის, შეერთებული შტატების და კანადის მხრიდან. დასავლეთის ქვეყნები მას რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობის ბრალდებას უყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება