ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ და არა რუსები. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე პასუხისას, განიხილება თუ არა ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა, გრიგორიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ.
“სომხეთს მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ოფიციალურ წერილში ამ პოზიციის შესახებ შეატყობინა.
სომხეთის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებას მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა ახორციელებდნენ”, – განაცხადა გრიგორიანმა.
კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა აღნიშნული ზომების საჭიროება, გრიგორიანმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი ძალას იკრებდა სხვადასხვა მიმართულებით და ამ მომენტში სომხეთს აეროპორტზე სრული კონტროლისთვის პოტენციალი გააჩნია.
ცნობისთვის, აქამდე სომხეთის პარლამენტის (ეროვნული კრების) თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა თუ რუსი მესაზღვრეები ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტს დატოვებდნენ.