პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი 55-60 ლარს გადაიხდიდა, დღეს, 109 ლარს იხდის. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია და მათ მაღაზიაში შესვლა იმის გამო არ უნდა ეშინოდეთ, რომ პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საზოგადოების კითხვებს მმართველმა გუნდმა პასუხები უნდა გასცეს.
„ცხადია, ყველას გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს პროდუქტებზე გაზრდილი ფასები აინტერესებთ, რადგან ამას ყოველდღიურად ეხებიან. ცეცხლის ფასებია მაღაზიაში, მარკეტებში და ბაზარში. ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია, ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლის. კითხვებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ივანიშვილის პარტია ვალდებულია, პასუხი გასცეს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად კომენტარი გააკეთა მოქალაქე ელენე ღრუბელაძემ. მისი თქმით, საკვებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება.
„პირველადი მოხმარების პროდუქტი შევიძინე. სიმართლე რომ გითხრათ, მაღაზიაში შესვლის უკვე მეშინია, რადგან პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდება. იმას, რაც დაგეგმილი მაქვს, რომ ოჯახისთვის ვიყიდო, ფიზიკურად ვერ ვყიდულობ, რადგან ფასები ყოველდღიურად ძვირდება. სამწუხაროა, რომ ფასების ზრდასთან ერთად იკლებს პროდუქტის წონა, თუნდაც, ბრინჯი, რომელიც ერთი კილო უნდა იყოს, შაქარი, რომელიც ერთი კილო უნდა იყოს, უკვე არის 900-800 გრამი. იგივე შემიძლია ვთქვა ხილზეც, რატომ უნდა იყოს ხილი ასეთი ძვირი, რატომ უნდა იყოს მწვანილი ასეთი ძვირი, როცა ქვეყანას ამხელა რესურსი აქვს. ყოველდღიურად საგანგაშო მდგომარეობაა ოჯახისთვის, დიასახლისისთვის, რომელსაც ოჯახის შენახვა, ბავშვისთვის სადილის გაკეთება უწევს”, – აცხადებს მოქალაქე.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.