საქართველოში კერძო სექტორის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა – EBA-ს გამგეობის თავმჯდომარე

ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდის შეფასებით, საქართველოში კერძო სექტორის უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური არასტაბილურობაა. ამის შესახებ მან მედიასთან ქართული საინვესტიციო გარემო შეფასებისას განაცხადა.
“ჩვენ EU-ს ბიზნეს ანგარიში წარვადგინეთ, რომელშიც თითოეულმა ევროპულმა კომპანიამ ხაზი გაუსვა, რა არის მთავარი გამოწვევა კერძო სექტორში. არ დავმალავ, რომ უდიდესი პრობლემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობაა. ამას ყველგან შეხვდებით – ბიუროკრატია ევროპაშიცაა, თუმცა საქართველოს ამაზე დასაკარგი რესურსი არ აქვს, გვჭირდება, რომ სხვებზე უკეთესები ვიყოთ. ეს ყველაფერი ბიზნესისთვის საზიანოა, თუმცა საჭიროა, გავაგრძელოთ მუშაობა ერთად მთავრობასთან, სამთავრობო ინსტიტუტებთან, ელჩებთან, ბიზნესის ჩართულობით, რათა პრობლემები ნაბიჯ-ნაბიჯ გადაიჭრას”, – ამბობს ჯონ ბრაეკეველდტი.
EBA-ს წარმომადგენელმა კითხვაზე, რამდენად არის ინვესტიციის მოზიდვისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი ქართული სასამართლო სისტემა, აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პრობლემა ბიზნესის მხრიდან სასამართლოსადმი უნდობლობაა და არა, მაგალითად, კანონმდებლობა.
ასევე, ყველამ იცის, რომ ქართული სასამართლო სისტემა ბიზნესისთვის დაბრკოლებაა. საუბარი არ არის კანონმდებლობასა და წესებზე, საუბარია ნდობაზე – ბიზნესსა და სასამართლოს შორის საკმარისი ნდობა, ჯერჯერობით, არ არსებობს – ეს აუცილებელია, რათა უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ საქართველოში, თუ გვინდა, რომ აქ ბიზნესის კეთება ევროპაში ბიზნესის კეთების ანალოგიური იყოს. ინვესტორები ენდობიან სასამართლო სისტემას ბელგიაში საფრანგეთში, იტალიაში, მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვთ თავიანთი პრობლემები, ნდობა არსებობს და სწორედ ეს სჭირდება ბიზნეს სექტორს – ნდობა სასამართლოსადმი”, – განაცხადა ბრაეკეველდტმა.
EBA-ს გამგეობის თავმჯდომარემ ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ჯონ ბრაეკეველდტის ცნობით, შეხვედრაზე ელჩები ქართულ ბიზნეს სექტორს ევროინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ