„მხოლოდ მე 2 მშენებარე სასტუმროს პროექტი შემიჩერდა… ინვესტორები დაფიქრდნენ“ – ინტერვიუ

საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ სასტუმრო ინდუსტრიაში ინვესტიციების ჩადება გაგრძელდეს და დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები არ შეჩერდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს.
„მხოლოდ მე, თბილისში 2 მშენებარე სასტუმროს პროექტი შემიჩერდა… ინვესტორები დაფიქრდნენ, რა მიმართულებით გააგრძელონ განვითარება – ბინები გაყიდონ თუ კომერციული ფართები“, – განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც ვრცლად ისაუბრა როგორც გამოწვევებზე, ისე გამოსავლის გზებზე. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე მოქმედმა სასტუმრომ ბიზნესმოდელი შეცვალა და დღეს საოფისე ცენტრები არიან.
საქმე ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2024-2027 წლებში ქვეყანაში 320 ახალი განთავსების ობიექტების მშენებლობაში, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რაც 37 100 ახალ საწოლს/ადგილს ნიშნავს. ჯამურად კი, 2027 წლისთვის ქვეყანაში 142 000-მდე საწოლი იქნება.
სასტუმროების ფედერაციის წევრი განთავსების საშუალებების მონაცემებზე დაყრდნობით, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ 2024 წლის პირველი ორი თვის შედეგები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს სჯობს და იმედოვნებს, რომ დანარჩენ თვეებშიც სასტუმროებს ჯავშნების რაოდენობა და შესაბამისად, დატვირთულობის კოეფიციენტი გაეზრდება.
მისივე ინფორმაციით, 2023 წელს, თბილისის სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 58-62%-ის ფარგლებში მერყეობდა, მაშინ როცა 2016-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 88%-90% იყო.
– შალვა, რა არის ის მთავარი რისკი თუ რისკები, რამაც შეიძლება შემდეგი სამი წლის განმავლობაში 320 ახალი განთავსების საშუალების შექმნა და შესაბამისად, სასტუმროების სექტორში ₾1 მილიარდის ინვესტიცია შეაფერხოს?
– მთავარი რისკი არის 2022-2023 წლების საოპერაციო შემოსავლების და მოგების შესახებ უშუალოდ სასტუმროების მონაცემები. საქმე ის არის, რომ სასტუმროების საოპერაციო მოგების კოეფიციენტი, 2016-2017 წლებთან შედარებით, რომელიც ყველაზე მაღალშემოსავლიანი პერიოდი იყო, თითქმის 70%-ით არის შემცირებული. ყოველთვის ვამბობ, რომ სწორება უნდა გვქონდეს ამ წლებზე და არა 2019 წელზე, რომელიც ძალიან ცუდი წელი იყო – „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ტურიზმში ჩავარდნა გვქონდა.
– რატომ იყო 2016-2017 წლები საუკეთესო სასტუმროებისთვის?
– იმ პერიოდში თბილისის სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 88%-90% იყო, რაც ბუნებრივია, მაღალ შემოსავლებს და მოგებას განაპირობებდა; ეს მონაცემები ღია იყო ყველასთვის – მათ შორის ბანკებისთვის და ლოგიკურად, ამ წლების შედეგებზე დაყრდნობით, საკმაოდ ბევრმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, სასტუმროებში ინვესტირება. 2018 წელს უკვე გაჩნდა ე.წ. პლატო მოგების და შემოსავლების კოეფიციენტებში. 2019 წელს ყველაფერი უკან წავიდა – უკვე ვახსენე „გავრილოვის ღამე“, მაგრამ განთავსების ობიექტების მშენებლობები, რაც 2018-2019 წლებში დაიწყო, პანდემიის წლებში მაინც გაგრძელდა და დასრულდა 2022-2023 წლებში. შედეგად, მივიღეთ დიდი რაოდენობით ახალი სასტუმრო ოთახები როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში ანუ სასტუმროებს შორის კონკურენცია გაიზარდა, მაგრამ საკმარისი ტემპით არ გაზრდილა ტურისტების რიცხვი. ასეთ დროს ბიზნესის ქცევა მარტივია, მით უმეტეს ახალი სასტუმროების – მათ დაიწყეს ფასის შემცირება და ამ დროისთვის, სასტუმროებში დღის საშუალო ფასი 2017 წელთან შედარებით გაცილებით ნაწილებია. გახსოვთ ალბათ, მაშინ ყველა „გვეჩხუბებოდა“, რომ „თბილისის სასტუმროებს ლონდონის ფასი აქვსო“. მაშინ მაშინ მართლა მაღალ მარჟაზე ვმუშაობდით, რადგან სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი თბილისში 90%-მდე იყო. 2023 წელს დატვირთვის მაჩვენებელი 58%-62%-ზე ჩამოვიდა.
– ეს მაჩვენებელი როგორია?
– სტანდარტული ევროპული მაჩვენებელია, თუმცა ბოლო პერიოდში ევროპაში ტურისტების რაოდენობამ იმატა და სასტუმროებში დღიური ფასიც გაიზარდა. ჩვენთან კი, დატვირთვის კოეფიციენტი შემცირდა, რადგან ტურიზმი ვერ აღდგა – ვგულისხმობ ტურისტულ ნაკადებს. ჯამში, რა მივიღეთ – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების სექტორში ხელფასები თითქმის 70%-ით გაიზარდა 50%-მდეა გაზრდილი პროდუქციის ფასები და შედეგად, ხარჯები გაიზარდა, მაგრამ შემოსავლებში კლება გვაქვს. 2016-2017 წლებთან შედარებით, სასტუმროების საოპერაციო მოგება თითქმის 60-70%-ითაა შემცირებული.
– როგორ იქცევიან ასეთ დროს ინვესტორები ანუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის კლებამ მიმდინარე პროექტებზე?
– კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით ჩემი პროექტებიდან გამომდინარე – ამ ეტაპზე, თბილისში, ორი სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა სწორედ 2022 და 2023 წლების მონაცემებზე დაყრდნობით. თბილისში ამონაგების კოეფიციენტი საშუალოდ 8 წელი იყო ანუ ინვესტორმა იცოდა, რომ თავის ინვესტიციას ამ პერიოდში ამოიღებდა, მაგრამ სასტუმროების ნაკლები დატვირთულობის და გაზრდილი რაოდენობის გამო, ეს პერიოდი 12 წელს გადაცდა და ბიზნესმენებიც დაფიქრდნენ… ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან – რა მიმართულებით განავითარონ მიმდინარე პროექტი – ბინები გაყიდონ თუ საოფისე-კომერციული ფართები. ასევე, რამდენადაც ვიცი, დედაქალაქში რამდენიმე მოქმედმა სასტუმრომ პროფილი შეიცვალა და ახლა საოფისე ცენტრები არიან.
– სად არის გამოსავალი?
– ამ პროცესის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა ტურისტების რაოდენობის რაც შეიძლება დროულად გაზრდაა; ყველაფრის წამალი მეტი ტურისტია.

ასევე დაგაინტერესებთ