უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 2024 წლის 1 მარტს, დაკავებულ იქნა 3 პირი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა, გამოძიებას. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის მიერ დამატებით გამოვლენილ იქნა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 15 პირი, მათგან დაკავებულია 4 პირი. დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 12 676 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება.
სპიკერი – გუგა თავბერიძე –
საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი

ასევე დაგაინტერესებთ