გიორგი ბარამიძე – მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი, თავი დააღწიოს 12-წლიან ოლიგარქიულ მმართველობას

მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, ეს იქნება ქართველი ხალხის შანსი თავი დააღწიოს 12 – წლიან ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციასა და კლეპტოკრატიას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ EPP-ის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პოლიტიკურ ასამბლეაზე, ქრისტიან-დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანების, ევროპულ პარტიათა წარმომადგენლებს გიორგი ბარამიძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტია საქართველოს ევროპული გზის და არსებითი დემოკრატიული რეფორმების არდშია.
„2023 წლის დეკემბერში, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, რომლის წინაშეც საქართველო დგას – პრორუსული ოლიგარქიული მმართველობა და ტოტალური სახელმწიფო მიტაცება, რისი გამოვლინებაც პოლიტიზებული სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიაა – ევროკავშირმა აღიარა ქართველი ხალხის დიდი ხნის მტკიცე ევროპული მისწრაფება, რაც ნათლად იყო გამოვლენილი არაერთ შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ყოფილი მმართველი და ამჟამად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში, ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული გზის და არსებითი დემოკრატიული რეფორმების ავანგარდში, რაც ჩვენი აზრით, ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ასევე, მეორეს მხრივ, წვლილის შეტანის საშუალებაა მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაში.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება პირდაპირ განპირობებული იქნება ამ არჩევნების ხარისხითა და შედეგებით, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და გამოწვევისა, უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, ეს არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი თავი დააღწიოს 12 – წლიან ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციასა და კლეპტოკრატიას;
ეს იქნება შანსი დააბრუნონ ქვეყანა პროდასავლურ რელსებზე და სწრაფი ეკონომიკური ზრდის გზაზე, რაც შექმნის ღირსეულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის;
შეჩერდეს ცუდი ეკონომიკური და სოციალური პირობებით გამოწვეული ქართველების მასობრივი ემიგრაცია; უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა.
საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს. „ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებულია შეიტანოს წვლილი და წარმართოს კონსოლიდირებული ძალისხმევა საქართველოში პროდასავლური დემოკრატიული ძალების ერთიანობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით.
2008 წლიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პატივი იყოს ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირებული წევრობის სტატუსი „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო მეტ უფლებას მისცემს შეასრულოს მთავარი როლი საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში და უზრუნველყოს ქვეყნის ევროინტეგრაცია უახლოეს წლებში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს ამ პრორუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებას და მშვიდობიანად გადაიყვანს მას ოპოზიციაში. ვიმედოვნებ, დღეს ჩემი პარტიისთვის ისტორიული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მადლობა ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.