„ხახაბო“ ხორბლის ჩანასახის ზეთის წარმოებაზე მუშაობს

„ხახაბო“ საქართველოში პირველი და ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 7 სახეობის სამკურნალო-საკვებ ზეთს აწარმოებს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი ამბობს, „ხახაბოს“ ინვესტიცია 150 000-მდე ლარს შეადგენს, წარმოება 3 წლის განმავლობაში გაეზარდა და ამჯერად მე-8, ხორბლის ჩანასახის ზეთის წარმოებაზე მუშაობენ.
„ჩვენ ვართ საქართველოში პირველი და ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ცივი დაწურვის სამკურნალო-საკვებ ზეთებს. 7 სახეობის ზეთი გვაქვს. ექსპერიმენტები და ცდები 2020 წელს დაიწყო, ბაზარზე 2021 წელს გამოვჩნდით. საკუთარი ფინანსური რესურსით დავიწყეთ, არანაირი გრანტი არ მიგვიღია. მთლიანი ინვესტიცია 150 000 ლარამდეა. ნელ-ნელა კუს ნაბიჯებით მივიწევდით წინ, 1 დანადგარით დავიწყეთ და დღეს უკვე 3 დანადგარი გვაქვს“, – ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.
„ხახაბოს“ საწარმო თბილისში, ვარკეთილში მდებარეობს, სადაც უნიკალური – ცივი დაწურვის ტექნოლოგიით სელის, სეზამის, გოგრის, ნუშის, ნიგვზის, ჩიას და შავი კვლიავის ზეთებს აწარმოებენ.
„რა ტექნოლოგიასაც მე ვიყენებ, ეს უნიკალური ტექნოლოგიაა. ამ დროს მარცვალი არ ცხელდება და სპეციალურ დამზადებულ ხის კასრებში იწურება ჰიდრავლიკური დანადგარის საშუალებით“, – გვიხსნის კომპანიის დამფუძნებელი.
„ხახაბოს“ ზეთები სუპერმარკეტ „ფრესკოში“ და ონლაინ იყიდება. ფასებს რაც შეეხება, 250-გრამიან ბოთლში დაფასოებული ზეთების ფასები 30-დან 90 ლარამდეა და ყველაზე ძვირი შავი კვლიავის ზეთია. ზაქარია სვიმონიშვილი გვიყვება, რომ ამ უკანასკნელს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. მათ შორის – გამოიყენება კუჭ-ნაწლავისთვის, პროსტატასთვის, ღვიძლის, C და B ჰეპატიტის სამკურნალოდ.
რაც შეეხება ზეთის წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულს, რაც ქართული მოიპოვება ბაზარზე, ქართულისგან აწარმოებენ, რაც არ არის – უცხოეთიდან შემოაქვთ. მაგალითად – გოგრის, ნიგვზის და ნუშის ზეთს ქართული ნედლეულისგან აწარმოებენ; სელის ზეთი – რუსული სელისგან მზადდება; შავი კვლიავი, ჩია, სეზამი – ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან შემოაქვთ.
ზაქარია სვიმონიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ახალი ზეთის შექმნაზე მუშაობენ – ხორბლის ჩანასახის ზეთის წარმოების დაწყება სურთ. „ხახაბოსთვის“ მთავარი გამოწვევა ბრენდის არასაკმარისი ცნობადობაა, რადგან ბევრმა არ იცის, რომ ბაზარზე უნიკალური და ქართული წარმოების სამკურნალო ზეთები არსებობს.
„ვგეგმავთ რამდენიმე სახის ზეთის დამატებას. მათ შორის, ახლა ვმუშაობთ ხორბლის ჩანასახის ზეთის წარმოებაზე. ცდის პროცესში ვართ, ვნახოთ რა გამოვა. ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს. სამკურნალო ზეთების ადგილობრივი წარმოება არ არსებობს, რაც იყიდება მაღაზიებსა და მარკეტებში, შემოტანილია. ამიტომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ცნობადობის ნაკლებობაა. გვინდა, მეტად ცნობადი გახდეს ჩვენი ზეთები, მეტ მომხმარებლამდე მივიდეს ინფორმაცია, რომ „ხახაბოს“ ზეთები უნიკალური სამკურნალო საშუალებებია და თან ადგილობრივი წარმოებისაა“, – ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ