პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ , „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში ცვლილებების თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამასთან, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ორივე სამსახურისთვის ასევე იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები.
სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარმოადგინა.
ცვლილებებით, დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა − სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების ქონა − იცვლება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების ქონის მოთხოვნით.
ასევე, ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი და ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის – შინაარსი.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები 9-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება.
პლენარულ სხდომაზე დღეს განხილულ საკითხებს პარლამენტი კენჭს მომდევნო სხდომაზე უყრის.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.