უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხება. როგორც Reuters წერს, აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს შვედეთს ალიანსის 32-ე წევრი უახლოეს დღეებში გახდეს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იუნსონის განცხადებით ამ ნაბიჯს სტოკჰოლმისთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს:
„საბედნიეროდ, ჩვენ გავხდებით ალიანსის წევრები და ეს მოხდება არა კვირებში, არამედ რამდენიმე დღეში“ — აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა. იუნსონის განცხადებით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორმხრივი სარგებლის მატარებელი იქნება, როგორც ქვეყნისთვის ასევე ალიანსისთვისაც.
26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტის 199 დეპუტატიდან 194-მა მხარი დაუჭირა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.
გასულ წელს NATO-ს წევრი გახდა ფინეთიც. ორივე ქვეყანამ ალიანსის წევრობაზე განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის საბაბად ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მზაობა გამოთქვა და ამისკენ სწრაფვა დაიწყო.
ალიანსში ახალი ქვეყნის მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ფინეთისა და შვედეთის სურვილს, გამხდარიყვნენ NATO-ს წევრები, თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო დროულად დათანხმდა. პროცესი გააჭიანურა თურქეთისა და უნგრეთის პოზიციებმა. თუმცა, საბოლოოდ, ორივე წევრი ქვეყანა დათანხმდა ალიანსის გაფართოებას.
Reuters აღნიშნავს, რომ ახლა ფორმალური პროცედურებიდან, დოკუმენტაციის ვაშინგტონში გადაგზავნაა დარჩენილი.