„მიმდინარეობს მუშაობა უახლოეს თვეებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე“

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტის სრული განახლებისა და გამტარუნარიანობის სამუშაოების 95 პროცენტამდე უკვე დასრულებულია, ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Trend.az.
მისივე თქმით, გასული წლის დასაწყისიდან დაიწყო მუშაობა BTK სარკინიგზო ხაზის განახლებასა და საპროექტო შესაძლებლობების გაფართოებაზე, პროექტი ხუთ ეტაპს მოიცავდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია.
„ამ კუთხით საქართველოდან მიღებული იქნა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. ბოლო ეტაპზე ახალქალაქის სადგურზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოების დასრულებაც ორ თვეში იგეგმება“, – აღნიშნა რუსტამოვმა.
მისი თქმით, BTK, რომელიც არის შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის.
ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთების მოცულობის გაზრდა“, – დასძინა რუსტამოვმა.
იმავდროულად, BTK წარმოადგენს სასიცოცხლო კავშირს შუა დერეფანში, აზიისა და ევროპის ერთ-ერთ სავაჭრო მარშრუტში და იძლევა უწყვეტ სარკინიგზო კომუნიკაციას ჩინეთსა და ევროპას შორის.
ბაქო-თბილისი-ყარსის 850 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წელს გაიხსნა. BTK-ის გაზრდილი აქტუალობა რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში განპირობებულია აზიიდან ევროპაში პროდუქციის სწრაფი მიწოდებით აზერბაიჯანის გავლით.
აღსანიშნავია, რომ როგორც „კომერსანტის“ რამდენიმე დღის წინ მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია, რომლის სრულად დასრულება 2024 წლის ბოლომდე იგეგმება.