თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი აშშ-ში სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გააცილა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი -ში გაემგზავრა, სადაც ისინი „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გააცილეს. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვეს.
„საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ში, ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართება. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი მეორედ მონაწილეობს. პარასპორტსმენები, მეგობარი ქვეყნების დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, სპორტის 8 სახეობაში (მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლა, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ველოსპორტი, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე) იასპარეზებენ.
სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პრობლემების დაძლევის გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.