აზარაშვილის განცხადება მიუთითებს ძალიან დიდ დაპირისპირებაზე, ვერ ინაწილებენ საქართველოს, ხალხის ნაძარცვ ქონებას და ივანიშვილის შუაში ჩადგომამაც ვერ უშველა ამ პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დაისისაკენ მიდის და სწორედ ამიტომ, გუნდის შიგნით, ნაძარცვი ქონების გადანაწილებაზე დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს.
მანჯგალაძის შეფასებით, აზარაშვილის ღიად საუბარი, რომ ფინანსურ დაჯგუფებას მისი მოშორება უნდოდა, ნიშნავს, რომ „ქვეყანაში არსებობს ორგანიზებული მაფია არსებობს და ახლა ორი მაფიური დაჯგუფება ერთმანეთს ებრძვის“.
„სერიოზული დაპირისპირებაა „ქართული ოცნების“ დაჯგუფების, „კლანებს“ შორის არა საქმის გაკეთებაში, არამედ, ხალხის ნაძარცვი ქონების გადანაწილებაში. ამის დასტურია, როდესაც მინისტრი, ერთი მხრივ, ვითომ უწყინარად გადადგა, შემდეგ მან თქვა, რომ ის არის ღარიბაშვილის გუნდის წევრი და თქვა, რომ ძლიერი ფინანსური დაჯგუფება, ანუ ერთგვარი მაფია ცდილობდა მის ჩაჩოჩებას და ახლა კობახიძის ხელით ამ მაფიამ შეძლო მისი გაშვება. ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც პირველი პირია „ქართული ოცნების“ წესდებით, მადლობას უხდის მინისტრს და ამასთან ერთად, კობახიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ეს მიუთითებს, ძალიან დიდ დაპირისპირებაზე, ვერ ინაწილებენ საქართველოს, ხალხის ნაძარცვ ქონებას და ივანიშვილის შუაში ჩადგომამაც ვერ უშველა ამ პროცესს. რატომ ხდება? – იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლება, რომელსაც ეცლება პოლიტიკური დაისი გუნდის შიგნით, იწყება ქონების გადანაწილებაზე დაუნდობელი ბრძოლა. აი ეს პროცესი ხდება ახალ „ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავისი საქმიანობა შეაჯამა.
მან სტატუსში მათ შორის, ქვეყანაში დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანაზეც ისაუბრა.
„გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.