ხაშურის წყალმომარაგების მოწესრიგებისთვის 28 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი უკვე გამოცხადებულია

ქალაქ ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების პროექტირება – მშენებლობის სამუშაოებისთვის შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 28 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 27 აპრილს დაიწყება და 1 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 980 160 ლარია.
ტექნიკური დავალება ითვალისწინებს ქალაქ ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური წყალსადენების რეაბილიტაცია-მშენებლობის დეტალური პროექტის მომზადებას და დეტალური პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადაა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვე ექსპერტიზის ჩათვლით (მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი სანებართვო პროცედურების ჩათვლით).
სამუშაოების შესრულების ვადა – შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან არაუმეტეს 2025 წლის 25 დეკემბერი, ხოლო, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დღიდან 30 კალენდარული დღით.
სამუშაოებში შედის: ცხრამუხის არსებული წყალმიმღები ნაგებობის სრული რეაბილიტაცია,ცხრამუხის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე ახალი სათავე ნაგებობების მოწყობა, ხცისის არსებული წყალმიმღები ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, ხცისის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე ახალი სათავე ნაგებობების მოწყობა, ცხრამუხის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე ახალი სატუმბი სადგურის მოწყობა, ხცისის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე ახალი სატუმბი სადგურის მოწყობა, ბეკამის არსებული რეზერვუარების ტერიტორიაზე ახალი რეზერვუარების მოწყობა, ზემო სერის არსებული რეზერვუარების ტერიტორიაზე ახალი რეზერვუარების მოწყობა, გაგარინის არსებული W=2×2000მ3 რეზერვუარების სრული რეაბილიტაცია, ცხრამუხის საპროექტო სატუმბო სადგურისა და ბეკამის რეზერვუარის დამაკავშირებელი პოლიეთილენის მაგისტრალური მილის მოწყობა, ცხრამუხის საპროექტო სატუმბო სადგურისა და ზემო სერის რეზერვუარის დამაკავშირებელი პოლიეთილენის მაგისტრალური მილის მოწყობა, ხცისის საპროექტო სატუმბო სადგურისა და გაგარინის რეზერვუარის დამაკავშირებელი ფოლადის მაგისტრალური მილის მოწყობა, სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების ტერიტორიებზე არსებული ამორტიზებული-არასაჭირო შენობა – ნაგებობების დემონტაჟი, ავტომატური მართვის ერთიანი სისტემის (SCADA) მოწყობა, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სერვის-ცენტრის რეაბილიტაცია და ა.შ
შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
დაფინანსების წყარო: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2024 – 2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები