ბიომეურნეობა „სამყურა“ კაფეს აშენებს და აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს

წნორში მდებარე ბიომეურნეობა „სამყურა“ გაფართოებასა და აგროტურიზმის სექტორში შესვლასაც გეგმავს.
როგორც „კომერსანტთან“ ბიომეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის ბიო ბოსტნეული 1.5ჰა-ზე მოჰყავს, მარცვლეული (ხორბალი და სიმინდი) კი 3ჰა-ზე. ბიომეურნეობას საფუძველი 5 წლის წინ ჩაეყარა და საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა.
„თავდაპირველად ნაქირავებ მიწაზე დავთესე ლობიო. კაპიტალი სულ რაღაც 2000 ლარი იყო. ამჟამად ბოსტნეული 1.5ჰა-ზე მომყავს, მარცვლეული (ხორბალი და სიმინდი) კი 3ჰა-ზე. დაახლოებით 40 სახეობის ბიო ბოსტნეულს ვაწარმოებ. ძირითადად მშობლებთან ერთად ვამუშავებ, თუმცა სეზონურად, კრიტიკულ მომენტებში, მჭირდება მუშების დაქირავება“.
ფერმერის თქმით, აწარმოებს ისეთ ბოსტნეულსაც, რომელთა შოვნაც ქართულ ბაზარზე ჭირს. პროდუქციას კი თვითონ ყიდის. ასევე, მის მიერ წარმოებული პროდუქციის ყიდვა „წერტშია“ შესაძლებელი.
„რაოდენობრივად, უმეტეს წილად, ვაწარმოებ კარტოფილს, პომიდორს, კიტრს, ბროკოლს, ბადრიჯანს, სალათის ფურცელს… ასევე, მომყავს იასამნისფერი კარტოფილი, ბატატი, 15 სახის ჩერი პომიდორი (ესეც რეალურად ძალიან ჭირს ბაზარზე).
პროდუქციას ვყიდი ონლაინ. ასევე, მაღაზია „წერტში“ ჩაგვაქვს ჩვენი პროდუქცია და იქაც იყიდება“.
როგორც „სამყურას“ დამფუძნებელმა აღნიშნა, ბიო პროდუქციაზე დაინტერესება დღითი დღე იზრდება, შესაბამისად წელს 50%-ით ზრდის წარმოებას.
„ბიო პროდუქციაზე დაინტერესება დღითი დღე იზრდება. ჩემი მხრიდან, ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ჭირს. შესაბამისად, წელს დაახლოებით 50%-ით ვზრდით წარმოებას. მომავალი წლიდან კი ალბათ უფრო გავფართოვდებით“.
ნიკა ბაგალიშვილის თქმით, წელს კაფეს აშენებს, სადაც ტურისტების მიღებას შეძლებს. მომავალი წლისთვის კი აგრო ტურიზმის განვითარებას გეგმავს.
„წელს კაფეს ვაშენებ და შემდეგ უკვე შემეძლება ადგილზე ტურისტების მიღება. მომავალი წლიდან კი აგრო ტურიზმში მიხილავთ. ჩემს მეურნეობაში ვუმასპინძლებ ტურისტებს, ადგილზე ნახავენ წარმოებას, ასევე, შეეძლებათ რომ დარჩნენ, განიტვირთონ და ჯანსაღ სივრცეში გაატარონ დრო“- აცხადებს ნიკა ბაგალიშვილი.