გამოდის, ოთხსულიან ოჯახს 6 672 ლარი სჭირდება თვეში და ახლა, თავად დაფიქრდით, რამდენ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა?

ანი დვალიშვილი
იცოდით, რომ თურმე იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა? ვერ იგრძენით საკუთარ ჯიბეზე? სამაგიეროდ, მთავრობა იწონებს თავს ამით და ამბობს, რომ მომდევნო თვეებში ზრდა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. სამწუხაროდ, უვკე მერამდენე წელია, ეს ყველაფერი ფურცელზეა და მოსახლეობა ვერაფერს გრძნობს. აგერ, უკვე დაგვიანონსეს, რომ მარტის ბოლოდან საწვავის ფასი 20 თეთრით მოიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ფასები გაიზრდება. საწვავის ფასის ზრდა ავტომატურად დისტრიბუციის ხარჯების გაზრდას ნიშნავს და ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ბენზინი კი იმიტომ გაძვირდება, რომ 1-ელი მარტიდან, რუსეთმა ქვეყნიდან საწვავის გატანას 6-თვიანი აკრძალვა დაადო. ჰო, თავს უფლებას მივცემთ ვივარაუდოთ, რომ საქართველოშ საწვავის შემომტანი კომპანიები არ დაელოდებიან იმას, როდის ამოეწურებათ იაფად ნაყიდი საწვავის მარაგი და პროდუქციას მალევე გააძვირებენ.
რასაც ახლა გეტყვით, ჩვენი მოფიქრებულ არ გახლავთ და ოფიციალური კვლევაა. გამოქვეყნდა იმ 370 ქალაქის რეიტინგი, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია. სიაში თბილისი 255-ე ადგილზეა და როგორც უცხოელები ამბობენ, ერთმა ადამიანმა საქართველოს დედაქალაქში თავი ადამიანად რომ იგრძნოს, თვეში 1 668 ლარი სჭირდება და ეს იმ შემთხვევაში, თუ ბინის ქირას არ იხდის, ან სასტუმროს ხარჯი არ აქვს. გამოდის, ოთხსულიაან ოჯახს 6 672 ლარი სჭირდება თვეში და ახლა, თავად დაფიქრდით, რამდენ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა? ჰო, ძალიან ცოტას და რაც მთავარია, ამ გადმოსახედიდან, ნამდვილი სასწაულია ის, თუ როგორ ცხოვრობენ თვიდან თვემდე პენსიონერები და სოციალურად დაუცველები. როცა ხმამაღლა და გამოთქმით ვამბობთ, რომ ევროპას უნდა დავეწიოთ და ევროკავშირში შევიდეთ, ეგებ ჯერ ცხოვრების ადამიანური დონით დავეწიოთ და კი არ ვიარსებოთ, არამედ ვიცხოვროთ.
ისე, თუ იცით, რომ თურქეთის ეკონომიკა ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა და სულ ცოტა ხნის წინა გადაასწრო ინდოეთმა. ჰო, ჩვენი მეზობელი თურქეთის ეკონომიკა ზემოთ და ზემოთ მიიწევს. არავინ მალავს, ეს როგორ მოახერხეს და მარტივად ამბობენ – სოფლის მეურნეობაში თანხების ჩადებითა და სწორი საგადასახადო პოლიტიკით. ანუ, თურქებს ახალი ველოსიპედი არ გამოუგონიათ, უბრალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანაზე ბაჟი გაანულეს, შემოტანაზე – გაზარდეს. ამასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სფეროში ფულის ჩადების მსურველ ბიზნესმენს, ბანკი სესხს 1%-ში და 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით აძლევს. იცით ეს რას ნიშნავს? მილიონი რომ ისესხოთ ბანკისგან, წელიწადში 10 ათასი დოლარის გადახდა გიწევთ და ამასაც მხოლოდ 2 წლის შემდეგ იწყებთ. და ამ მარტივი გადაწყვეტილებით, თურქებმა უკან ჩამოიტოვეს ჩინური, ამერიკული, გერმანული, ფრანგული და ბრიტანული ეკონომიკა (რა თქმა უნდა, საუბარია მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით) და ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ამ ზრდას მოსახლეობაც გრძნობს. საქართველოში ჩამოსული თურქები ამბობენ, რომ ცხოვრება ბევრად გამარტივდა და თუ შრომა არ გეზარება, უდიდესი შანსი გაქვს, ძალიან დიდი ფული იშოვო და თან მოკლე დროში.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში? გაზაფხულის პირველმა თვემ დაიწყო ათვლა და მიწები დაუმუშავებელია, მოსახლეობა არ ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობაში დიდი თანხები ჩადოს, რომ დაიხარჯოს, რომ სამომავლოდ ეს წაადგება. უფრო მარტივი, იმავე თურქეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტის ყიდვა და მერე გაყიდვა. ძალიან, ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით – დღეს პრაქტიკულად, ყველა დიდ სუპერმარკეტში იყიდება დაფასოებული მარწყვი და როგორ გგონიათ, საიდან შემოგვაქვს? სწორია – თურქეთიდან და ეს მაშინ, როცა იგივე თურქი ბიზნესმენები ამბობენ, რომ მარწყვის მოყვანისთვის თურქეთზე ბევრად უკეთესი პირობები საქართველოშია, მაგრამ ამ დროს მარწყვი რომ მოიყვანო, სათბური უნდა გააკეთო, მერე იმ სათბურში უნდა იმუშაო, მერე მარწყვი მოკრიფო, დააფასოო, მაღაზიებს შეუთანხმდე…
შესაძლოა, ვინმეს უცნაურად ეჩვენოს, მაგრამ ამერიკაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ უკვე ზაფხულისთვის, საკვებ პროდუქტებზე (და არამარტო) ფასების სერიოზული ზრდა გვექნება. მათი თქმით, ჯო ბაიდენმა, პანდემიის დროს, ამერიკის რეზერვები დააცარიელა, უზარმაზარი კომპენსაციები გასცა, უსაქმურ ხალხსაც კი დიდ თანხებს უხდიდა და ახლა, რეზერვების შესავსებათ, როგორც გადასახადები, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაძვირდა. ამ ყველაფერს საქართველოს დარი ქვეყნები სწორედ ზაფხულისთვის იგრნობენ და თურმე, ეს ყოფილა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბევრად პოპულარულია და ქვეყანას, როგორც ბიზნესმენი, ისე მართავს, ანუ არ მუშაობ – არ ჭამ და უსაქმურებსაც აიძულებს, ხელი გაანძრიონ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს.
ის, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის, გასულ კვირას ეროვნული ვალუტის გაუფასურებამაც გვაჩვენა. როგორც წესი, ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ, ყველა ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, რომ ცვლილება კარგი იყო, რომ წინ მივიწევთ, რომ თუნდაც ვალუტა მყარია, მაგრამ არა – ლარმა გაუფასურება ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ვივარაუდეთ და თუ მარტში რაიმე უცხოური ინვესტიციის მაგვარი არ შემოვა, ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ეს გაგრელდება მანამ, სანამ პარტიები აქტივისთვის პირველ ხელფასებს არ დაარიგებენ. საარჩევნო წელს, ლარზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება და ლარი ავტომატურად გამყარდება.