გარდაცვალების საქმის არაეფექტურად გამოძიებისთვის საქართველოს €12 ათასის გადახდა დაეკისრა – სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზურა ელიბაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა დაუდგინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება.
2016 წლის 1 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი (დაბადების გვარი ხუციშვილი) დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. რადგან იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ელიბაშვილს საპატრულო ეკიპაჟი გაურკვეველი მიზეზით დაედევნა. დევნის დროს ის ავტომობილიდან გადმოვიდა და მდინარე მტკვრის ხევის მიმართულებით წავიდა. ამ დროს მას საპატრულო მანქანიდან გადმოსული ორი პოლიციელი მიჰყვებოდა. დადევნებიდან მალევე პატრულ-ინსპექტორები დაბრუნდნენ თავიანთ ავტომანქანასთან ისე, რომ არ დაადგინეს ზურა ელიბაშვილის ადგილმდებარეობა.
ოჯახმა ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე, ელიბაშვილი კი სამი დღის შემდეგ, 3 აგვისტოს, იპოვა მდინარე მტკვარში გარდაცვლილი. ოჯახი მიიჩნევდა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში საქმის გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა.
ოჯახის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავდა. სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 2021 წელს შევიდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა დაადგინა და საქართველოს 12 ათასი ევროს ეკვივალენტის გადახდა დააკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ