სოფლის მეურნეობის დასარეგულირებლად და ტერმინების განმარტებისთვის საკანონმდებლო დოკუმენტი იქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა წარადგინა.
„დღეის მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო სისტემა და დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას და წარმოაჩენდა ხედვასა და მიზნებს დარგში შემდგომი პოლიტიკის განსახორციელებლად. ჩვენი ხელისუფლების პირველივე დღეებიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოცხადდა სოფლის მეურნეობა. სექტორის მზარდი მოცემულობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს შედეგიანი, თუმცა საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული აქცენტების და პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა საკვანძოდ მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობა და ძლიერი აგრარული სექტორი ამცირებს სიღარიბეს და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველს ქმნის, ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების ხარისხის ზრდას და ახდენს მოსახლეობის სოფლისგან დაცლის პრევენციას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტის მიზანია სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა, ასევე, ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განიმარტება ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვა. ასევე, განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები.
იქმნება სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ