ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს.
აზარაშვილი, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან „მართვის და კომუნიკაციის კუთხით” პრობლემების გამო გადააყენა, თავის საქმიანობის ანგარიშის შესახებ ვრცელ პოსტს სწორედ იმით იწყებს, რომ „ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება“.
ზურაბ აზარაშვილი თავის პოსტში ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უხდის, რომელმაც ის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ შესაძლებლობა მისცა, რომ ქვეყნისთვის ემსახურა.
„ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი [ირაკლი ღარიბაშვილის] გულწრფელი შეფასებაა. სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.
იმ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები“, – წერს აზარაშვილი.
აზარაშვილის თქმით, სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება იყო პრინციპული, გაბედული და რისკიანი, რადგან ის „სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა“.
„თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა“, – წერს აზარაშვილი და იმ გადაწყვეტილებებს და რეფორმებს ასახელებს, რომელიც მისი მინისტრობის დროს გატარდა.
როგორც აზარაშვილი წერს, მან თავის საამაყო გუნდთან ერთად შეძლო „ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი“ დაეწერა.
„მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა“, – წერს აზარაშვილი.
როგორც აზარაშვილი წერს, მის ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.
ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.
წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად“, – წერს აზარაშვილი.
ზურაბ აზარაშვილი მინისტრის თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. შემდგომში თავის კაბინეტში ირაკლი კობახიძემაც დაასახელა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებიდან რამდენიმე კვირაში პოსტი დატოვა სწორედ “კობახიძესთან საუბრის შემდეგ”.
უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძეს წინა მთავრობისაგან განსხვავებული ხედვა აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მან შეაჩერა თბილისის ცენტრში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კლინიკაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და განაცხადა, რომ საავადმყოფო არ დაინგრევა, სანამ ახალი შენობა არ აშენდება.