სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ამბობს, რომ საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს და ომი არავის სჭირდება. ამის შესახებ არძინბამ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის დროს განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ამასთანავე, არძინბა ამბობს, რომ ამერიკელების მითითების მიხედვით, საქართველო ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ აწერს.
„ჩვენ აფხაზები, ვსვამთ შეკითხვას – რატომ არ აწერენ ხელს ამ შეთანხმებას? ნუთუ საქართველო ომს აპირებს? ან ამერიკელებს მეორე ფრონტის გახსნა სურთ? არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ამერიკელებს მეორე ფრონტის გახსნა სურთ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს, ომი არავის სჭირდება, მათ შორის არც საქართველოს. დღეს არსებული სამართლებრივი ბაზით აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას ნიშნავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
ინალ არძინბამ ასევე სოხუმის და მინსკის კონტაქტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
მანამდე მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა პრაგმატულად იქცევა და თბილისი „ნაციონალური ინტერესებით ხელმძღვანელობს და ანტირუსულ ისტერიას აყოლილი არ არის“.