რომელ ქართულ კერძებს ითხოვენ გერმანიაში ქართულ რესტორანში ყველაზე ხშირად?

გერმანიაში ქართული რესტორანი „პეპელას“ მომხმარებლების 90% გერმანელია, ასევე აქტიურობენ იაპონელები და ფრანგებიც. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ რესტორნის დამფუძნებელმა, ქეთი პიატკოვკიმ ისაუბრა.
„რესტორანში ქართველი მომხმარებლებიც აქტიურობენ, თუმცა გერმანელების წილი 90%-ია. ჩვენი სამზარეულო ძალიან ხიბლავთ ასევე იაპონელებს და ფრანგებს.
რესტორნის არსებობის 7 წლის მანძილზე ყველაზე დიდი პოპულარობით 4 ქართული კერძი სარგებლობს, ესენია: აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, შქმერული და ნიგვზიანი ბადრიჯანი. გერმანელებს განსაკუთრებით ხიბლავთ ნიგვზიანი ბადრიჯნის შიგთავსი.“ – აღნიშნავს ქეთი პიატკოვსკი.
„პეპელაში“ ჯამში 21 ქართული კერძია წარმოდგენილი. პერიოდულად ძირითად მენიუს სხვადასხვა ქართული კერძებიც ემატება. აგრეთვე რესტორანში მხოლოდ ქართული ღვინო იყიდება.
„ღვინის მცირე მწარმოებლებთან გვაქვს მოლაპარაკებები. რესტორანში ამჟამად 5-6 ქართველი მეწარმის 19 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ქვევრის ღვინოები სარგებლობს“,- განაცხადა ქეთი პიატკოვსკიმ.
„პეპელა“ საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი რესტორანია, რომელიც ჯამში 100-მდე ადამიანს იტევს. მაგალითისთვის, 8 ხინკლის ფასი 22 ევროა, ხოლო აჭარული ხაჭაპურის 17 ევრო.
შეგახსენებთ, რესტორანი „პეპელა“ დიუსელდორფრში 7 წლის წინ გაიხსნა, სადაც მხოლოდ ქართული კერძები და ღვინოა წარმოდგენილი. რესტორანში დასაქმებულია თორმეტივე ადამიანი საქართველოდანაა.