სასტუმრო Greenwood: ბაკურიანს ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Greenwood-ის მენეჯერი, თიკა ხორავა BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევასა და ტენდენციებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო ბაკურიანში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ნომრებსა და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. ტურისტული ობიექტი მხოლოდ ორი სეზონი, კერძოდ ზამთარი და ზაფხული ფუნქციონირებს, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა იკეტება, რადგან სეზონი არ არის და ხორავას თქმით, სასტუმროს ამ პერიოდში ფუნქციონირება ზედმეტი ხარჯია.
„ზოგადად ბაკურიანს ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს, რადგან თოვლი არ გვაქვს. გასულ წელს მხოლოდ 50%-ით ვიყავით დატვირთულები, ისიც ჩემპიონატის ხარჯზე რომელიც ჩატარდა და როგორც მონაწილეებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს ვმასპინძლობდით.
წელსაც ტენდენცია მაღალი არ არის. 15 მარტს უკვე ვიკეტებით და ამ მონაცემებით, დაახლოებით 30-40%-ით ვიყავით დატვირთული. ამ დროისათვის, 1 ღამით განთავსების ღირებულება, საუზმით საშუალოდ 240 ლარი ღირს. ამასთან რესტორანიც გვაქვს, რომელსაც აქტიურად ვამუშავებთ. Greenwood საერთო ჯამში 10 ნომრისგან შედგება და 35-40 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. გასულ წელს, ზაფხულში არაბ, ხოლო ზამთარში რუს და უკრაინელ ტურისტებს ვმასპინძლობდით ,“-აცხადებს ხორავა.