სოჭში მიმდინარე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, პირველი მარტიდან 7 მარტის ჩათვლით იმართება, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან 40-კაციანი დელეგაციაა წასული.
დელეგაციას სათავეში უდგას დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი“.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შესაბამისი ფოტო და წერს, რომ სოჭის აეროპორტში ქართულ დელეგაციას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პრიმაკოვის ფონდი“ საქართველოდან სოჭში დელეგაციის წაყვანას გეგმავდა, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გავრცელდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარს რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებდა:
„უკვე ჩამოყალიბებულია 40-კაციანი შემადგენლობა. დელეგაციაში შედიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, დელეგაციაში იქნებიან სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და წარმატებული სპორტსმენები“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში, როგორც სუვერენული სახელმწიფოების წარმომადგენლები, მონაწილეობას იღებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩასული დელეგაციები.
ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ფესტივალში მონაწილეობას იღებს 188 ქვეყნიდან ჩასული 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა. „ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი კი სამართლიანი სამყაროს მშენებლობის იდეა და ერთმანეთის თანადგომაა“.
სოჭში საქართველოდან წასული დელეგაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ დრომდე, არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.