გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გთავაზობთ გასული კვირის (26 თებერვალი – 3 მარტი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრი გაათავისუფლა
პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ მან ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ხარვეზების ფონზე მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაათავისუფლა. კობახიძის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი გახდა კომუნიკაციის მიმართულებით არსებული პრობლემა, რაც მათ შორის სამინისტროს მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზეც აშკარად იკვეთებოდა.
„ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღის დილით მქონდა. მე ვხედავდი პრობლემებს, მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან მინისტრმა სხვა სამინისტროებს მოუწოდა არსებული პრობლემები სამინისტროს დონეზევე მოაგვარონ, რათა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა მხრიდან არ კეთდებოდეს მოწოდებები მწვავე საკითხების პრემიერთან შეხვედრის საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამები დაკანონდა
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც ხელოვნების და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე დიპლომის მინიჭება სტუდენტების მიერ 180 კრედიტის მოპოვების, ანუ სწავლის 3 წლის შედეგად გახდება შესაძლებელი. განათლების სამინისტროს განმარტებით, 3-წლიანი ბაკალავრიატი აპრობირებული ევროპული პრაქტიკაა და ის საქართველოს განათლების სისტემის EU-სთან თავსებადობის ზრდისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში“, – აცხადებენ სამინისტროში.
2023 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა
2023 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 8.2%-ით შემცირდა და 13.6 მილიონი ტონა შეადგინა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ტვირთბრუნვის შემცირება ძირითადად სატრანზიტო გადაზიდვების შემცირებას უკავშირდება. თუკი 2022 წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 8.6 მილიონი ტონა იყო, 2023 წელს ის 7.7 მილიონ ტონამდე შემცირდა.
სატრანსპორტო სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რკინიგზის მიერ გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების 47% რუსული წარმოშობის იყო, 26% აზერბაიჯანული წარმოშობის, 3.4%-ის გამომგზავნი – თურქმენეთი, 3.2%-ის რუმინეთი, 2.8%-ის ბულგარეთი, 2.3%-ის თურქეთი, 1.3%-ის ბელარუსი ბელარუსი, 1.2% კი გამოგზავნილი იყო ჩინეთის მიერ.
საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა
2023 წელს საქართველოს პორტებმა სულ 13.9 მილიონი ტონა ტვირთი მიიღეს და გაატარეს, რაც 2022 წელთან შედარებით 1.1 მილიონი ტონით ნაკლები იყო. საქსტატის ანგარიშში არაა მითითებული თუ როგორი იყო ტვირთბრუნვა უშუალოდ პორტების მიხედვით, თუმცა მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს პორტების დატვირთვა შემცირდა.
სტატისტიკის მიხედვით 2023 წელს შემცირება დაფიქსირდა თხევადი (0.8 მლნ ტონით) და ნაყარი ტვირთების (1.3 მლნ ტონა) მიმართულებით, გენერალური ტვირთების მოცულობა კი დაახლოებით 1 მილიონი ტონით გაიზარდა, ამის მიუხედავად მთლიანად გადატანილი ტვირთების მოცულობა 1.1 მილიონი ტონით შემცირდა.