ბრიტანეთის ქალაქების ნახევარი შესაძლოა გაკოტრდეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქების საქალაქო საბჭოების ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა გაკოტრდნენ. მათგან 10%-მა განაცხადა, რომ გაკოტრებას უკვე მომდევნო ფინანსურ წელს ელოდება. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების საინფორმაციო განყოფილების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.
მერიების ფინანსური კრიზისი დაკავშირებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხარჯების შემცირებასთან, სარისკო ინვესტიციებთან და მაღალ ინფლაციასთან, რაც ერთობლიობაში მუნიციპალიტეტების ვალებს ზრდის.
გასულ წელს ეგრეთ წოდებული 114-ე განყოფილების ცნობის გამოცემით, ბირმინგემმა, ნოტინჰემმა და უოკინგმა ფაქტობრივად გაკოტრება გამოაცხადეს, მსგავს ცნობებს სავარაუდოდ მალე გამოაქვეყნებენ საუთჰემპტონი და ბრედფორდი.
ცენტრალური მთავრობის გრანტების შემცირების შემდეგ, ბევრი მერია ცდილობდა ეპოვა დამატებითი შემოსავალი, საქალაქო მომსახურებისთვის გადასახადების დასაფარად და ინვესტირებას აკეთებდნენ სავაჭრო ცენტრებსა და საოფისე შენობებში, ხშირად მათი ტერიტორიების მიღმა.
ერთ-ერთი ყველაზე დამღუპველი აღმოჩნდა უოკინგის მერიის ინვესტიციები ორი ცათამბჯენისა და სასტუმრო ჰილტონის მშენებლობაში.
იმის გამო, რომ საქალაქო საბჭოებს კანონით მოეთხოვებათ ფინანსების დაბალანსება, ბევრი იძულებულია შეწყვიტოს ზოგიერთი მომსახურების დაფინანსება.
LGIU-ს კვლევამ აჩვენა, რომ მერიების მესამედი გეგმავს პარკებისა და დასვენების დაფინანსების შემცირებას. ყოველი მესამე მუნიციპალიტეტი ამცირებს ხელოვნებასა და კულტურაზე გამოყოფილ ხარჯებს, ხოლო 16% ამცირებს დაფინანსებას ზრდასრულთა სოციალური დახმარებისთვის.
მერიები, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს გაკოტრება, იძულებულნი არიან მაქსიმალურად შეამცირონ ხარჯები.
ბირმინგემის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ იგი ემზადება შეზღუდოს ქუჩების განათება, შეამციროს ნაგვის შეგროვების სიხშირე და მთლიანად შეწყვიტოს ხელოვნების დაფინანსება.