თევზსაშენი თავდაპირველად მცირე მოცულობის თევზის წარმოებაზე იყო გათვლილი, თუმცა პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოვდა – „ლომისი 2023“

„სტუმრებს ვთავაზობთ თონეში შემწვარ თევზს, თევზის ხინკალს. თევზსაშენი თავდაპირველად მცირე მოცულობის თევზის წარმოებაზე იყო გათვლილი, თუმცა პროდუქციის მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოვდა,“- ამის შესახებ კომპანია „ლომისი 2023-ის“ ხარისხის სამსახურის მართვის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

კომპანია „ლომისი 2023-ის“ თევზსაშენი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარეობს და 7ჰა-ზეა გაშენებული. ტერიტორია მოიცავს საკუთრივ თევზსაშენს, რესტორან „თევზის სახლს“, თონეს, მაღაზიას და მინი ქარხანას. ამჟამად, დასაქმებულია 100-მდე ადამიანი.
ეკა გიგაურის თქმით, თევზსაშენი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.
„თევზსაშენი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. თავდაპირველად მცირე მოცულობის თევზის წარმოებაზე იყო გათვლილი. ადგილზე ფუნქციონირებს თონე, რომელიც ადგილზე მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ პროდუქტს – თევზს, რომელიც იწვება თონეში. (საქართველოში მსგავს სერვისს არავინ აწვდის). თონეში შემწვარმა თევზმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა. შესაბამისად, გადაწყდა თევზსაშენის გაფართოება“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, თევზსაშენის ტერიტორიაზე არსებულ რესტორანში – „თევზის სახლი“ მხოლოდ ადგილზევე წარმოებული თევზის პროდუქტებია წარმოდგენილი.
„თევზსაშენის ტერიტორიაზევე მდებარეობს რესტორანი „თევზის სახლი“, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მომხმარებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ასევე, ძალიან ბევრი ტურისტი გვსტუმრობს. ყოველთვის, ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა მიხვიდეთ, ტურისტების ერთი ჯგუფი მაინც დაგხვდებათ.
სამზარეულოში მხოლოდ თევზის პროდუქტებია წარმოდგენილი. ის პროდუქტები, რომლებიც იქვე იწარმოება (რომელთა გამოზრდაც იქვე მიმდინარეობს). მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც შემწვარ, ასევე ცივად და ცხლად შებოლილ თევზებს, პრესერვებს, ხიზილალას, სხვადასხვა სახის თევზის კონსერვებს. ასევე, გაყინული ნახევარფაბრიკატებიც გვაქვს, რომლებიც თევზისგან მზადდება. მაგალითად, თევზის ხინკალი, კატლეტი, თევზის ბლინი, სალათები, ცომეულები და ა.შ.
გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრის დაგემოვნება „თევზის სახლში“ შეგიძლიათ, ყველაფერი იყიდება ჩვენს მაღაზიაშიც, რომელიც ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.