მსჯელობაა საჭირო, თუ რა საკითხი იმსახურებს ყურადღებას, რომ ტრადიციული ღირებულებების მეტად დაცვა ხორციელდებოდეს – მსჯელობის შედეგად გაირკვევა ისიც, როგორც შეიძლება ეს ყველაფერი დარეგულირდეს ისე, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “საკითხების დაურეგულირებლობა შეიძლება განაპირობებდეს არასწორი პროცესების განვითარებას და რადიკალიზაციის თავიდან ასაცილებლად დაბალანსებული და სწორი კანონმდებლობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი”.
„ამას სჭირდება მსჯელობა, შეიძლება ცალკეულ დეპუტატებს გვქონდეს შეხედულება, თუ რა საკითხი იმსახურებს ყურადღებას, რომ ტრადიციული ღირებულებების მეტად დაცვა ხორციელდებოდეს და ძალადობრივი შეტევა ამ ღირებულებებზე არ იყოს შეწყნარებული. ვფიქრობ, ამის მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან სამართლიანია. მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება, რა შეიძლება იყოს კონკრეტული შინაარსი ამ კანონპროექტისა და გაირკვევა ისიც, როგორც შეიძლება ეს ყველაფერი დარეგულირდეს ისე, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას. რა იყოს კანონით განსაზღვრული ცნებების და კატეგორიების დონეზე, ამას კანონპროექტის ირგვლივ მუშაობა გვაჩვენებს. ზოგჯერ არის ლეგალური დეფინიციის შემოტანის საჭიროება, ზოგჯერ არ არსებობს. რეგლამენტაცია რა ფარგლებს მოიცავს, ამაზე არ შემიძლია ახლა ზუსტი პასუხის მოცემა. მაგალითად, ჩემთვის რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ეს არის ბავშვების დაცვა გარკვეული ინფორმაციის წვდომაზე, რომელიც შეიძლება აზიანებდეს მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესს,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.