2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების ნახევარი რუსული იყო

2023 წელს საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადატანილი სატრანზიტო ტვირთების 47% რუსული იყო – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.6 მილიონი ტონა იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 8.2%-ით ნაკლები იყო. გადაზიდვების კლება აისახა საქართველოს რკინიგზის შემოსავალზეც, რაც გასულ წელს შემცირდა. 2023 წლის 9 თვეში რკინიგზამ 481 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლები იყო. თუმცა, 2023 წლის სრული ფინანსური შედეგები რკინიგზას ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს.
2023 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 27.4% მოდის ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე, 72.6% კი – ქვეყანაში შემოტანილზე.
“2023 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47.4 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ს ფედერაცია წარმოადგენდა, 26.5 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, 3.4 პროცენტისას – თურქმენეთი, 3.2 პროცენტისას – რუმინეთი, 2.8 პროცენტისას – ბულგარეთი, 2.3 პროცენტისას – თურქეთი, 1.3 პროცენტისას – ბელარუსი, 1.2 პროცენტი კი გამოგზავნილი იყო ჩინეთის მიერ,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
აღსანიშნია, რომ საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი მოდიოდა ლითონის მადანსა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28.5 პროცენტი – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.7 პროცენტი – საკვებ პროდუქტებსა და სასმელებზე.