ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტმა სტრასბურგში ევროკავშირსა და სომხეთს შორის კავშირების გაძლიერების საკითხი განიხილა.
„ჩვენ ვხედავთ რომ ისტორიული მომენტია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში. ისინი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – აღნიშნა ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ჯუტა ურპილაინენმა, რომელიც დებატებში მონაწილეობდა.
მისი თქმით, ბრიუსელის პრიორიტეტი ახლა არის სომხეთის სტაბილურობაში წვლილი შეიტანოს, „რათა მან დამოუკიდებლად გააკეთოს თავისი საგარეო პოლიტიკური არჩევანი“. ამ მიზნით ევროკავშირი ავითარებს თანამშრომლობას სომხეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით და ასევე ზრდის ინვესტიციებს მის ეკონომიკაში.
მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ.
„ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ პირველი ნაბიჯები სომხეთის მცხოვრებლებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით, რასაც მოჰყვება ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია და პიროვნული და სოციალური კავშირების განვითარება, რათა სომხების შემდეგმა თაობამ უკვე ისარგებლოს ევროპული შეღავათებით“, – განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.