პრემიერ-მინისტრი – რესპუბლიკური საავადმყოფოს მსგავსი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს და უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს – როცა დარგის სპეციალისტები ასაბუთებენ, რომ უკეთესად გაკეთება შეიძლება, საჭიროა გათვალისწინება

ზუსტად ამ [ჯანდაცვის] სექტორში არაერთი თხოვნა იყო, რომ კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს პრემიერთან ჰქონოდათ შეხვედრა – ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს და უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს. აქ დავინახე პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქმე დარგობრივ სამინისტროს ეხება, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა დარგის სპეციალისტებთან. კობახიძის განმარტებით, როდესაც დარგის წარმომადგენლები ასაბუთებენ, რომ რაღაცის უკეთესად გაკეთება შეიძლება, „საჭიროა ჯანსაღი მიდგომა და ამ ყველაფრის გათვალისწინება“.
„ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალური მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როდესაც საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, უპირველესად, დარგის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან. სწორი მიდგომაა საჭირო ამ თვალსაზრისით. არ მინდა, ნიუანსებში შევიდე, რა დონეზე და ვისგან იყო ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია, დავინახეთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს და სხვა შემთხვევებშიც, კომუნიკაციის ასეთი პრობლემა არსებობდა. ასევე ხედავდით, რომ ზუსტად ამ სექტორში, არაერთი თხოვნა იყო, რომ მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს. ასეთი საკითხები უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს, უფრო დაბალ დონეზეც შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს. არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში, არამედ ყველა სფეროში ეს იქნება ჩემი თხოვნა. ჩემი მოწოდებაა, არა მარტო ყველა მინისტრის, ყველა საჯარო დაწესებულების, ასევე თვითმმართველობის მიმართ – ყველას უნდა ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა, რათა პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას. როდესაც მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან, მოვიდა 8 ადამიანი, ინტელიგენტი, ექიმი ხალხი, რომელთაც თავისი არგუმენტები ჰქონდათ. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც არასწორი პოზიციაა თუნდაც დარგის წარმომადგენლების მხრიდან. აქ, რა თქმა უნდა, თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც შენთან დარგის წარმომადგენლები მოდიან და გისაბუთებენ, რომ რაღაცის უკეთესად გაკეთება შეიძლება, საჭიროა ჯანსაღი მიდგომა და ამ ყველაფრის გათვალისწინება“,- განაცხადა მ.
კითხვაზე, რატომ უარყოფდა პრემიერად არჩევის დროს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს, კობახიძე განმარტავს, რომ იმ მომენტისთვის ამას არ გეგმავდა.
„როდესაც თქვენ დამისვით კითხვა სხვა მინისტრთან დაკავშირებით, კონკრეტულ მინისტრზე, გაგეცით პასუხი, ასევე მაშინ გითხარით, რომ ზოგადად, იმ მომენტისთვის ცვლილებას არ ვგეგმავდი. ეს იყო პროცესი, როდესაც ეს პასუხი გაგეცით, არ შედიოდა ჩემს გეგმაში, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი და ამ პროცესში ხარვეზები დავინახე, ამის გამო მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.