მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მონაწილეობა მიიღო

მიხეილ სარჯველაძემ, პერსონალურ მონაცემთა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მიიღო მონაწილეობა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სარჯველაძემ მისასალმებელი სიტყვით კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. მან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების ფონზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონს, რომელიც მონაცემთა დაცვის ეფექტიან და თანამედროვე სტანდარტებს შეიცავს.
„საქართველოში ამ კანონის მიღებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, კერძოდ, მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და ე.წ. LED დირექტივის იმპლემენტირება განხორციელდა.
მე მჯერა, რომ ამ კანონის მიღება არც თუ უმნიშვნელო კონტრიბუცია იყო გასული წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რაც ქართველი ხალხისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე მიზანია. ვფიქრობ, რომ კანონის მიღებამ ევროინტეგრაციაზე პოზიტიურად იმოქმედა, ვინაიდან ამ კანონის მიხედვით იქმნება საფუძველი, ევროკავშირი საქართველოს მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონის მქონე სახელმწიფოდ აღიქვამდეს”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, შეჯამებისას, მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სამსახურის ხელმძღვანელს, ლელა ჯანაშვილს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.