საქართველოს დაცვის აქტია მისაღები და არა ეს გაურკვეველი, გამოგონილი კანონპროექტი, გამოგონილი საფრთხეების წინააღმდეგ , – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც “ქართულმა ოცნების” გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმად მომზადება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.
როგორც ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, აღნიშნული თემები ემსახურება იმას, რომ რეალური პრობლემები და საფრთხეები „გადაფარონ“.
„საქართველოს რისგანაც სჭირდება დაცვა, ეს მოამზადა „ლელომ“ და დააინიცირა პარლამენტში, მაგრამ „ქართული ოცნება“ კატეგორიულად არ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია , საქართველოს დაცვის აქტია მისაღები და არა ეს გაურკვეველი , გამოგონილი კანონპროექტი, გამოგონილი საფრთხეების წინააღმდეგ. რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება, რუსეთის სახელმწიფოა, რომლის გავლენა საქართველოზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და და ა.შ. ყოველდღიურად იზრდება – „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის ეკონომიკური ანექსიისგან გვიცავდნენ , საქართველოს ტერიტორიას იცავდნენ, თავისუფლად იყიდებიან ოკუპანტებზე. ნაცვლად იმისა, რომ ქართულ შრომის ბაზარს იცავდნენ, ძალიან კომფორტულად შემოდიან აქ და ფუძნდებიან რუსული ბიზნესები.
ამ ხალხის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რაც ქვეყანას სჭირდება , რაც ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდებათ: კანონი, სამართალი, ღირსების კანონით დაცვა, უსაფრთხოება, უფლებები, რუსეთის ექსპანსიისგან ქვეყნის დაცვა, გამოვლენ და დაიწყებენ თემებს, რომლებიც ემსახურება იმას, რომ რეალური პრობლემები და საფრთხეები გადაფარონ ამ თემით. ეს არ გამოვა. საქართველოს მოქალაქეები ამას რომ უსმენენ, ვინმესთვის დამაჯერებელია ეს გამოგონილი საფრთხე?“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ტიპის პროპაგანდაში „ქართული ოცნება“,ისევე როგორც რუსეთი, მილიონობით თანხებს ხარჯავს, რაც მისი თქმით არის რუსული ინსტრუქტაჟის ნაწილი.
„ამ თემის პერიოდული გააქტიურება არის რუსული პროპაგანდა. ზუსტად ასე ხდება რუსეთშიც. იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება“ მარჯვნივ იყურებოდეს და ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს, ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება, შესაბამისად, მისდევს იმ ნაბიჯებს რა ნაბიჯებსაც მისდევს პუტინი თავის ქვეყანაში“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, „ლელოს“ დეპუტატმა „გირჩის“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლელოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ნარკორეალიზატორების საკითხი და ამიტომ მათ ამნისტირებას ხელს ვერ მოაწერენ.
მისივე თქმით, ასევ არის სამოხელო დანაშაული და კორუფცია რასთან დაკავშირებით, ამნისტიის კანონპროექტს ხელს ვერ მოაწერენ.
„ლელოს“ და „გირჩის“ პოზიციები ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავდება. ჩემთვის, ისევე როგორც „ლელოსთვის“, ეს უდიდესი პრობლემაა, მაგალითად, ნარკორეალიზატორებთან, დამამზადებლებთან და მინი ქარხნებთან მიმართებაში. მხოლოდ გასული თვის განმავლობაში ყოველ კვირა ვიგებდით ინფორმაციას, რომ დაიღუპა ახალგაზრდა, სწორედ ამ სასიკვდილო ნივთიერებებით.
ეს არ შევიმჩნიოთ, დავხუჭოთ თვალები? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარკორეალიზატორების საკითხი და ამიტომ მათ ამნისტირებას ხელს ვერ მოვაწერთ. ასევე არის სამოხელო დანაშაული და კორუფცია. ვამბობთ, რომ კორუფციას უნდა ვებრძოლოთ და მეორეს მხრივ , რას ვეუბნებით საზოგადოებას? ერთი ხელით ვებრძვით და მეორით ხელს ვაფარებთ?“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ პირობებში ყველაზე კეთილშობილური ამნისტიაც კი ძალიან არასწორი კანონსაწინააღმდეგო და ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამოყენების პრეცედენტია.
„ეს კანონპროექტი კანონად რომ გადაიქცეს, ამას სჭირდება „ქართული ოცნების“ ხმები. როგორ ფიქრობთ, ახლა „ქართულ ოცნებას“ ხომ არ აწყობს მოაწყოს დიდი ამნისტია და საარჩევნოდ გამოუშვას ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც გააკონტროლებს საარჩევნო პროცესებს.
„ქართული ოცნების“ ხელში და პირობებში ყველაზე კეთილშობილური აქტი, ამნისტიაც კი ძალიან არასწორი კანონ საწინააღმდეგო და ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამოყენების პრეცედენტი არსებობს. ზოგადად „ლელო“ ჰუმანურ პოლიტიკას უჭერს მხარს, განსაკუთრებით პატიმრების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის ნაწილში, მაგრამ ნარკოსაკითხები არის მძიმე თემები“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.