გალელი თემურ კარბაიას გარდაცვალებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ზუგდიდში დააკავეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი ზუგდიდში დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამი დღის წინ დააკავეს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრები დავით კვეკვესკირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის კვეთა და ზუგდიდში მიმალვა შეძლო.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, კვეკვესკირი ზუგდიდში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ „პირი სამართალდამცავების მიერ დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე გამოძიება დაწყებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.
გალის „მილიციის“ სამი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებულ აფხაზეთშიცაა აღძრული. ამ დროისთვის დაკავებულია ორი ე.წ. მილიციელი.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილნი იყვნენ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში. კვეკვესკირი ოკუპირებული ს ე.წ. პროკურატურაში არ ცხადდებოდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
ე.წ. პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, „მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა კარბაია და ამის დოკუმენტირება არ მოახდინა“.
„შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა კარბაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს, რის შედეგადაც კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს – მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, კარბაიამ მარცხნივ ოთხი ნეკნის მოტეხილობა მიიღო, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები“, – ეწერა დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებდა, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ” გაათავისუფლეს.
„კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კარბაია „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მკურნალობდა“, – წერდა ე.წ. .
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებდნენ.
თემურ კარბაიას ნათესავების ცნობით, იგი სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ, ოჯახი ინფორმირებული არ არის, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ ე.წ. მილიციელებმა სცემეს.
2023 წლის 11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარიც, რომელიც უწყებამ სააგენტო „აიაშარას“ მისცა და რომელშიც თემურ კარბაიას ცემაზე არაფერი იყო ნათქვამი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება