ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ზუგდიდში დააკავა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, პირი დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა დაწყებული.
12 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელია დააკავეს.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ არის დაწყებული, კაპიტან ალბერტ ზარაკუას, ლეიტენანტ ვიანორ აბშილავას და უმცროს ლეიტენანტ დავით კვეკვესკირს ბრალად ედებათ ჯგუფის მიერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ძალადობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.
ე.წ. პროკურატურა განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა.
“შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს, შედეგად კი კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს. კარბაიამ ტრავმა მიიღო გულმკერდის არეში, ჰქონდა ოთხი ნეკნის მოტეხილობა და მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები”. – წერია განცხადებაში.
დე ფაქტო პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ კარბაია დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. 9 დეკემბერს კი კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის ერთი დღის ადრე, გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მანამდე მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ კარბაია “პრევენციული საუბრის შემდეგ” გაათავისუფლეს.