1-თვიანი მენიუების ფასი 1500-იდან 1900 ლარამდე მერყეობს – როგორ ვითარდება ჯანსაღი კვების ინდუსტრია საქართველოში

ჯანსაღი კვების ინდუსტრია საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ყოველწლიურად ბაზარზე უფრო და უფრო მეტ კომპანიას ვხედავთ, რომლებიც მომხმარებლებს ჯანსაღი საკვების მენიუებს და ამ მიმართულებით სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ.
ერთ-ერთი მათგანია „ფიზკულტურა“, რომელიც ბაზარზე უკვე 2 წელია მუშაობს. მისი ჯანსაღი კვების მენიუები სხვადასხვა ვადაზე და სხვადასხვა კვებითი ჩვევების მქონდე ადამიანებზეა გათვლილი.
მენიუებს თავად კომპანია ქმნის და ამზადებს, რომლებსაც მომხმარებლები საკურიერო მომსახურებით სახლში იღებენ. პერიოდებს რაც შეეხება, კომპანიას აქვს 1-დღიანი, 1-კვირიანი, 2-კვირიანი და 1-თვიანი მენიუები, რომელთა რაციონიც სხვადასხვაგვარია: სტანდარტული კვების, ვეგანური, სამარხვო, გლუტენის გარეშე და ფასებიც შესაბამისად, განსხვავებულია.
1-დღიანი მენიუები საშუალოდ 60 ლარი ღირს, 1-კვირიანი – 400 ლარი, ხოლო 1-თვიანი მენიუების ფასი 1500-იდან 1900 ლარამდე მერყეობს.
როგორც „ფიზკულტურას“ დამფუძნებელი სანდრო გოგოხია „კომერსანტთან“ აცხადებს, საქართველოში ჯანსაღ საკვებზე მოთხოვნა იმდენად დიდი არ არის, როგორიც არაჯანსაღ პროდუქტებზე, თუმცა მომხმარებლის ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და ფართოვდება.
„ბევრი წელია ამ სფეროში ვარ, 13 წლის წინ ინგლისში დავიწყე აღნიშნული სფეროს აქტიურად შესწავლა, შემდეგ უკვე საქართველოში არაერთ ადამიანს შევაყვარე ჯანსაღი ცხოვრება, სწორედ ამ პროცესში, ხალხთან ურთიერთობით მივხვდი, რომ საქართველოც უკვე მზად არის ეზიაროს ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და შესაბამისად ჯანსაღ მენტალურ მდგომარეობას, ამ ყველაფერში კი როგორც იცით, „ფიზკულტურა“ აქტიურად ეხმარება მსურველებს.
მოთხოვნა იმდენად დიდი არ არის, როგორც არაჯანსაღ საკვებზე, რაც გასაკვირიც არ არის, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ინტერესი ყოველდღიურად იწევს, ყოველდღე ვხედავ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და გადადის ჯანსაღ ცხოვრებაზე და კვებაზე“, – აღნიშნა სანდრო გოგოხიამ.
მისი თქმით, „ფიზკულტურას“ მომხმარებელთა უმრავლესობა ქართველია, მოთხოვნა კი წლის განმავლობაში, სხვა სეზონებზე უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში.
მან ჯანსაღი კვებისთვის საჭირო ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვებაში მთავარი ბალანსია და არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული პროდუქტების შეძენა.
„ჯანსარად კვება, რა თქმა უნდა, მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე არაჯანსაღი, მაგრამ ბიუჯეტურადაც შეიძლება ჯანსაღად კვება. არ არის აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრებისას ძვირად ღირებული პროდუქტების ყიდვა, მთავარია დააბალანსოთ რაციონი და არაჯანსაღი კერძები მინიმუმამდე დაიყვანო“, – განაცხადა სანდრო გოგოხიამ.
მისი შეფასებით, ჯანსაღი კვების ინდუსტრია მსოფლიოშიც და საქართველოშიც სწრაფად ვითარდება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მისი, როგორც კულტურის დანერგვას, დრო და მომხმარებლების უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა სჭირდება.
„ეს ინდუსტრია საქართველოში საკმაოდ სწრაფად ვითარდება. განვითარება აღინიშნება ზოგადად მსოფლიოშიც, რაც ძალიან სასიამოვნოა.
ჯანსაღი ცხოვრების კულტურის დანერგვას დრო უნდა, ცნობადობის ამაღლება და აუცილებლად ქვეყნის უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა“, – აღნიშნა „ფიზკულტურა“-ს დამფუძნებელმა.