საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ორაზროვანი პოზიცია უკრაინისა და ევროპის მიმართ შეიცვალა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.
„არათუ უცებ ყველა პროევროპული გახდა, არამედ ახლა ყველა ამბობს, მე ვიყავი სტატუსის მიღების მთავარი ფაქტორიო.ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების შემდეგ და ახალი [კობახიძის] მთავრობის მოსვლის შემდეგ, უცნაურ რამეებს ვხედავთ. ახლა გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უარყო შარლ მიშელის შეთანხმება და ჰქონდა ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდა და რიტორიკა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მოულოდნელად, პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში მიდის, ევროპის ელჩებს იღებს და ეუბნება, რომ 9 რეკომენდაციას შეასრულებს, ამერიკის ელჩს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ესაუბრა…“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ ცვლილებას მიესალმება, თუმცა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრი მზად უნდა იყოს, თუ მთავრობა რეალურად არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილება არჩევნების მოახლოებით იყოს განპირობებული, რადგან ქართული საზოგადოება არასდროს დაუჭერს მხარს ანტიევროპულ ძალას.