ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული არ არის ადგილობრივი მკვიდრი და ის ტახტისძირში დასავლეთ საქართველოდან იყო ჩასული.
სუსის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის