სელექტიური კონტრაქტირება კლინიკებს შორის კონკურენციას გაზრდის – ლელა სულაბერიძე

ახლო მომავალში კლინიკებისთვის ახალი რეგულაცია – სელექტიური კონტრაქტირება – ამოქმედდება. ესაა სახელმწიფოს მიერ სამედიცინო სერვისების შესყიდვა იმ კლინიკებისგან, რომლებიც განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ. მეორეს მხრივ კი ამ კლინიკების მაჩვენებლები (პაციენტთა სიკვდილიანობა, რეჰოსპიტალიზაცია, ინფექციების კონტროლის დონე და ა.შ.) იქნება საჯარო და პაციენტები ამ მაჩვენებლების მიხედვით შეარჩევენ მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას გეგმიური ოპერაციების ჩასატარებლად. ეს განმარტება დაგეგმილი რეგულაციების შესახებ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“
ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ინდიკატორების ჩამოყალიბებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და საბოლოო კრიტერიუმები სექტორთან შეთანხმების საფუძველზე მომზადდება.
„სელექტიური კონტრაქტირება მოიაზრებს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის ამა თუ იმ სერვისების სტრატეგიულ შესყიდვებს. ესაა ესენციური სერვისები და ინდიკატორები, რომლებზეც სექტორთან ერთად შევჯერდებით და რომლებიც გამოყენებული იქნება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში ჰოსპიტლების და სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობისთვის,“- განმარტა სულაბერიძემ.
მისი თქმით, სექტორთან შეჯერება პირველი ეტაპი იქნება და შემდგომ დაიწყება ამ ინდიკატორების გამოყენება, რათა სახელმწიფომ ჯანდაცვის პროგრამები უფრო ეფექტიანად მართოს. ამასთან, ლელა სულაბერიძის განმარტებით, ეს ინდიკატორები ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მოქალაქისთვის.
„ეს მონაცემი გამოქვეყნდება თითოეული ჰოსპიტლის მიხედვით – კერძოდ, თუ როგორია რეჰოსპიტალიზაციის რიცხვი ანუ რამდენად ხშირად ბრუნდება პაციენტი იგივე ან მსგავსი ტიპის ჩარევისთვის ჰოსპიტალში, როგორია ამა თუ იმ მიმართულებით გარდაცვალების მაჩვენებელი და ა.შ. შედეგად, მოსახლეობას ექნება არჩევანი, რომელ დაწესებულებაში უღირს მისვლა. ეს ეხება გეგმიურ ოპერაციებს, რადგან გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტი ნაკლებად წყვეტს, თუ სად იქნება გადაყვანილი და სელექცია საჭიროების მიხედვით ხდება, თუ სად მიიყვანს პაციენტს სასწრაფო დახმარების ბრიგადა,“ – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

მისივე თქმით, რეფორმის შედეგად, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს შეექმნება ხედვა, რომლებია ის ჰოსპიტლები, სადაც სამომავლოდ უღირს ინვესტიციების უფრო მეტად ჩადება და თანამშრომლობა. მეორეს მხრივ კი, რადგან მოქალაქეები კლინიკებს მათი მაჩვენებლების მიხედვით შეარჩევენ, ამ ბაზარზე გაიზრდება კონკურენცია, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა აჩვენონ უკეთესი მაჩვენებლები, რომ მოთხოვნადი იყვნენ ბაზარზე. მეორეს მხრივ, ეს იქნება წინაპირობა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის.
სულაბერიძის განმარტებით, ისევე როგორც სხვა რეფორმების შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაციაც საერთაშორისო წარმატებულ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან დაიწყო, შემდეგ კი ევროპულმა ქვეყნებმა დანერგეს.
რაც შეეხება კრიტერიუმების წარმოდგენის ვადებს, ისინი, სავარაუდოდ, უახლოესი სამი თვის განმავლობაში, სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის საფუძველზე მომზადდება.

jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“