შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიდგომაცაა პატიმრების დიდი რაოდენობა არ იყოს – შემცირების მექანიზმებზე სახელმწიფოებრივი მიდგომა მნიშვნელოვანია – ეს არ უნდა იყოს ერთი ხელის მოსმით, პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი

ჩვენი მიდგომაც არის, რომ არ იყოს [პატიმრების] დიდი რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში – შემცირების მექანიზმებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი მიდგომა – ეს არ უნდა იყოს ერთი ხელის მოსმით, რაღაც პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამნისტიის შესახებ „გირჩის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე გაცხადებით, ყველა კანონპროექტთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომაც არის, რომ არ იყოს [პატიმრების] დიდი რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ამას ხაზი გაუსვა. „ქართული ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა დაახლოებით, 24 თუ 25 ათასი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დღეს ეს რაოდენობა დაახლოებით, ცხრა ათასამდეა ჩამოსული. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ასევე იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, მთავრობის პოზიცია. ასეთი მიდგომაა [საჭირო] და ეს არ უნდა იყოს ერთი ხელის მოსმით, რაღაც პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა კანონპროექტთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ჩვენი მიზანიც არის, რომ ამ მხრივ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ვიყოთ შესაბამისი სტატისტიკის ქვეშ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.