სენაკზე კლიპის გადასაღებად მერიის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ცნობით, სენაკზე მუსიკალური კლიპის გადასაღებად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება.
ამავე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა კლიპის გადაღების მომსახურება 2023 წლის 25 დეკემბერს გამარტივებული წესით შპს „20 Steps Production”-ისგან შეისყიდა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ვლადიმერ კაჭარავაა.
კომპანია მხოლოდ გამარტივებულ შესყიდვებს იღებს. მას დღემდე 923 872 ლარის ჯამური ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. აქედან, 710 640 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან 2020-2022 წლებში გააფორმა.
კლიპის მუსიკალურ ნაწილში ძირითადად ტელეკომპანია „იმედის” „ღამის შოუს” წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა კონკურენციის არსებობას გამორიცხავს და კორუფციულ რისკებს ზრდის.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს გამოიძიონ ამ გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილობა; ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.