ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო” ბრიუსელში ანსამბლ „დიდგორის“ სოლოკონცერტი გაიმართა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო”, 18 ნოემბერს, ბრიუსელში, სქარბექის საკრებულოში, ანსამბლ “დიდგორის” სოლოკონცერტი გაიმართა.
საღამოზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერები და ტრადიციული საეკლესიო საგალობლები. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალზე ანსამბლის კონცერტები იმართება 11-იდან 18 ნოემბრის ჩათვლით. ევროპელ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დასწრებოდა “დიდგორისა” და “დებ ჩამგელიანების” ერთობლივ კონცერტს ბრიუსელში, რომელზეც ჭუნირის თანხლებით შესრულდა სვანურ მითებთან დაკავშირებული ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “ევროპალია-საქართველოს” ეგიდით, 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
ევროპელ საზოგადოებას, ოთხი თვის განმავლობაში, შეუძლია, ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „არდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ამ ბმულზე, ხოლო კონცერტის შესახებ ინფორმაცია – ამ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ