დეპუტატმა სანიკიძემ კალათბურთის ფედერაციიდან ანაზღაურების სახით 75 000 ლარი მიიღო

საქართველოს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, ვიქტორ სანიკიძემ, კალათბურთის ფედერაციიდან გასულ წელს ანაზღაურების სახით 75 000 ლარი მიიღო. სანიკიძე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პარალელურად არის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
განახლებული ქონებრივი დეკლარაცია მან მიმდინარე წლის 21 თებერვალს შეავსო. მასში ასახულია გასული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, მათ შორის პარლამენტიდან აღებული ხელფასი – 46 310 ლარი.
ვიქტორ სანიკიძე პარლამენტის მილიონერი დეპუტატია. მის საბანკო ანგარიშებზეა 240 ათას დოლარსა და 27 ათას ევროზე მეტი თანხა. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 61 ათასი დოლარი.
დეპუტატის ცოლია 29 წლის მაია ბიწაძე. დეკლარაციის მიხედვით, ის არ მუშაობს, თუმცა გასულ წელს იყიდა ძვირადღირებული ქონება ვაკეში – ბინა ღოღობერიძის ქუჩაზე 1 041 200 ლარად, ბინა და ორი ავტოფარეხი ჭავჭავაძეზე 200 000 დოლარად. ცოლ-ქმარს ეკუთვნის სხვა ძვირადღირებული ქონებაც: ბინები და საათები.
ცნობილი ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე პარლამენტის დეპუტატი გახდა 2020 წელს ჩატარებული თ. ის პარტია “ქართული ოცნების” სიის მე-13 ნომერი იყო. პარლამენტში არჩევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის დეკემბერში, ის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
სანიკიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც 2023 წლის მარტში მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონს, რამაც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოიყვანა.