რეგულაცია შესაძლოა, გადავადდეს – როდიდან მოუწევთ არქიტექტორებსა და მშენებლებს სერტიფიცირება?

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება და მათი სერტიფიცირების მარეგულირებელი ნორმის მოქმედება 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე შეჩერდება. ამ პერიოდამდე კი ძალაში სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი დარჩება.
შესაბამისი კანონის პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში ინიცირებულია.
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებას “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებიან: – არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი. ამასთან, კანონის შესაბამისი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერებულია.
„ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2024 წლის 1-ელი მარტისთვის, როდესაც მითითებული მუხლი ამოქმედდება, ბაზარზე სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები არ იარსებებს. შესაბამისად, ვერ განხორციელდება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების სერტიფიცირებული პირების მიერ დამოწმება/ექსპერტიზა, რაც სანებართვო პროცესს შეაფერხებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების გადავადება“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
bpn.ge