რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ექსპორტს დროებით აკრძალავს

რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ექსპორტს დროებით აკრძალავს. გადაწყვეტილება ძალაში 1 მარტიდან შევა და 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაცია ადგილობრივ პროპაგანდისტულ მედიას ს ვიცეპრემიერის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ნოვაკმა დაუდასტურა.
გადაწყვეტილების მიზეზი გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთში ბენზინზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა.
ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს, საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ.
როგორც პროპაგანდისტული მედია აღნიშნავს, აკრძალვა არ შეეხებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მარიონეტულ აფხაზეთს, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთს.