„გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არ არსებობს“ – „ორბი“ მიზეზებს განმარტავს

ბახმაროში, “ორბი რეზიდენსის” მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, არანაირი კონკრეტული ნებართვა ამ დროისთვის გაცემული არ არის – ამის შესახებ მედიასთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა 14 თებერვალს განაცხადა.
დღეს მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუკი ტერიტორია 10 ჰა-ს აღემატება. ირაკლი კვერღელიძის თქმით, წარდგენილი პროექტი 4 ჰა-ს მოიცავს, რის გამოც პროექტს ამ ტიპის კვლევა არ ჩაუტარებია.
„მინისტრის მოადგილემ ახსენა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი და არა მშენებლობის ნებართვა. გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ საპროექტო არეალი 10 ჰა-ს სცდება. აღნიშნული საპროექტო არეალი 4 ჰა-ია, შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების სავალდებულო არ არის – ეს ამ კითხვის პასუხია.
ყველაფერს აქვს თავისი საკანონმდებლო ნორმატივი. მოცემულ შემთხვევაში არცერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დადგენილია მშენებლობის წარმოების პირობებში, არ დარღვეულა.
კომპანიას მთლიანად ბახმაროში საკუთრებაში აქვს 10 ჰა მიწის ნაკვეთი. ამ ეტაპზე მოხდა შეთანხმება 4 ჰა-ზე. არცერთი კომპანია არ წავა იმაზე, რომ მშენებლობის ნებართვის აღება კანონდარღვევით განახორციელოს, ან გენგეგმის პარამეტრს გადაუხვიოს. 2 წელზე მეტია ამაზე ვმუშაობთ. რაში უნდა დამჭირვებოდა, რომ რომელიმე კვლევა არ ჩამეტარებინა? ყველა პროცედურა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.
შესაძლებელია არსებობდეს კვლევები, რომლებიც საჯარო სივრცეში არ იყოს ატვირთული, მაგრამ მედიისთვის არცერთი კვლევა დამალული არ არის. ჩვენ ღია ვართ და დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით”, – განაცხადა კვერღელიძემ.
„ორბი ჯგუფს“ დღეს ჟურნალისტებმა საზოგადოების ჩართულობაზეც დაუსვეს კითხვა – რატომ არ იყვნენ პროექტის განხილვებში მოქალაქეები ჩართულები? რაზეც კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის ვალდებულება კანონით კომპანიას არ აქვს. ირაკლი კვერღელიძე იმასაც ამბობს, რომ სპეციალისტებისა და საზოგადოების ნაწილი პროექტს იცნობდა.
„კომპანია ყველასთვის ღია და გახსნილია. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ადამიანების ამოცანა ნამდვილად ბახმაროს განვითარებაა და ალბათ, შეგნებულად დეზინფორმაციის გავრცელება არ ხდება. ჩვენ ყველასთან ღია ვართ, არაფერია დასამალი, თავდაცვის რეჟიმიდან ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად მართალი ვარ.
მე ვარ კომპანიის წარმომადგენელი, მე მაქვს ბიზნესი, მე ვიცავ კანონს. მეტყვით, რომ რომელიმე კანონი დავარღვიე? საზოგადოება ყველა პროექტს იცნობს საზოგადოება, რომელიც არსებობს? საზოგადოებას შევხვდი, საქმის კურსშია, თქვენ ხომ არ ხართ მხოლოდ საზოგადოება? და თუ თქვენ არ იცით, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ არ იცის. ზაფხულში იყო შეხვედრა ჩოხატაურში, სახელები და გვარები ჩამოგითვალოთ? ამის ვალდებულება მაქვს? რამდენ პროექტს იცნობთ, ასე ხდება მათი მომზადება? თქვენ როგორც პრესის წარმომადგენელი უნდა მთხოვდეთ კანონის დაცვას, მითხარით სად დავარღვიე კანონი.“ – მიმართა მედიის წარმომადგენლებს კვერღელიძემ.