„როგორც ჩანს, წლების განმავლობაში გაიზარდა დეგრადირებული ხეების რიცხვი, რადგან აქამდე არ გვქონდა ერთიანი მონაცემები და გასულ წელს ტყის ეროვნული აღრიცხვა პირველად ჩატარდა. როგორც აღრიცხვის შედეგად გამოჩნდა, ტყეების დეგრადაციის მაჩვენებელი 36%-ის ფარგლებშია, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალია და ნიშნავს იმას, რომ ამ ადგილებში ტყე თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს არის წყალმარეგულირებული, ნიადაგდაცვითი ფუნქცია“, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კლიმატის ცვლილებების ფონზე, ტყეების დეგრადაციის ამხელა მაჩვენებელი საქართველოში უკვე ქმნის სხვადასხვა სტიქიების, მათ შორის მეწყრების განვითარების პირობებს. ამის მაგალითია სოფელი ნერგეეთი, სადაც მიმდინარე თვეში მომხდარ მეწყერს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მაგალითად, სოფელ ნერგეეთში ტყემ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, რადგან იყო დეგრადირებული. ზემოთ იყო გაშენებული ბაღები, რომლებიც წყალმარეგულირებელ ფუნქციას ვერ ასრულებენ. როცა ჩვენ გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე ისედაც გვაქვს გააქტიურებული მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, დღეს უფრო მნიშვნელოვანია ამ დეგრადირებული ფართობების აღდგენა“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
მან ტყის საფარის დეგრადაციის მიზეზებსა და აღდგენითი ღონისძიებების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„დეგრადაცია შეიძლება გაგრძელდეს, თუ მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული ის, თუ ტყის ეკოსისტემის როგორი მართვა უნდა შემოვიდეს. დეგრადაციის პროცესს, უსისტემო ჭრის გარდა ხელს უწყობს კლიმატური ცვლილებები, როცა ბუნებრივად ხდება სახეობების ცვლილება. ასევე არის გადაძოვების შემთხვევებიც, თუ კონკრეტული ტერიტორია საძოვრად გამოიყენება და მასზე არის ახალი ამონაყრები, ხდება მისი გადაძოვება.
რადგანაც ეს ტერიტორიები დეგრადირებულია, ნიშნავს, რომ მათ ფუნქცია დაკარგული აქვთ და საჭიროა აღდგენითი ღონისძიებების ჩატარება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბუნებრივად უნდა შევუწყოთ ხელი აღდგენით ღონისძიებებს. ერთია ხელოვნურად ხეების დარგვა და მეორე ბუნებრივად ტყის განახლების ხელშეწყობა.
რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, „მწვანე ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს აღდგენით სამუშაოები გურიაში და თიანეთში. ასევე სხვა ტერიტორიებზე მიდის შესწავლა-შეფასება თუ რა ოდენობის ხარჯი უნდა გასწიოს სახელმწიფომ და როგორი პროგრამა უნდა იქნეს შემუშავებული დეგრადირებული ტყეების აღსადგენად“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.