ჰერჩინსკი: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ყურადღებას ამახვილებს ამ ორგანიზაციების მნიშვნელობაზე. ს განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
“როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ”, – აცხადებს ელჩი.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი კვლავ დაუჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში:
“ნება მიბოძეთ კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად”.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა 9 დათქმით. ამ დათქმებიდან რამდენიმე მოიცავს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
უფრო ადრე, 2023 წლის მარტში საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი. კანონპროექტი მიღებისა და ამოქმედების შემთხვევაში ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა დაფინანსების წყარო ევროკავშირი და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნები არიან, “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას დაავალდებულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ