„ხუდონჰესის“ პროექტში შეიძლება ინვესტორები შემოვიყვანოთ – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესთან დაკავშირებით 12 სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. მისი თქმით, უპირატესობა მიენიჭება იმ სცენარს, რომელსაც გარემოსა და სოციალური კუთხით ნაკლები ზემოქმედება ექნება.
„ხუდონთან დაკავშირებით ჩავატარეთ კვლევები, ალტერნატივები განვიხილეთ, იქ არის 12 სხვადასხვა სცენარი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებას მოიცავს როგორც სოციალურ, კულტურულ, ბუნებრივ ლანდშაფტზე. იქიდან გამომდინარე, ენერგეტიკული მიმართულებით რომელს ექნება მეტი უპირატესობა და ნაკლები იქნება ზემოქმედება გარემოზე და სოციალური კუთხით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. სწორი ბალანსია მოსაძებნი ენერგეტიკასა და ზემოქმედებას შორის. გამოკვეთილია რამდენიმე ალტერნატივა, რომლის დამუშავება ხდება და ალბათ, ჩვენ დავიწყებთ აქტიური განვითარების ეტაპზე გადასვლას მიმდინარე წელს“, – ამბობს ლევან დავითაშვილი.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ხუდონჰესის პროექტში ინვესტორები ჩართონ. ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის მხრიდან უკვე გამოთქმულია.
„ენერგეტიკის განვითარების ფონდი არის ძირითადი წამყვანი ძალა ყველა პროექტში. თუმცა ინვესტორი ან ინვესტორები შეიძლება შემოვიყვანოთ პროექტში. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დაინტერესებული საერთაშორისო წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელთანაც გვაქვს დიალოგი და ეს პროცესი მიმდინარეობს რეგულარულად“, – თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
წყარო: bpn